საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ქუთაისსა და ზესტაფონში შეხვედრებს 100-მდე მონაწილე დაესწრო. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ზოგადად ამომრჩევლის უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე.
ცესკო-ს პრესსპიკერმა მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებთან შეხვედრები ცესკო-ს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.