საინფორმაციო შეხვედრა
საქართველოს ბიზნესასოციაციაში დღეს წევრი კომპანიებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები და შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი განიხილეს. შეხვედრაზე განმარტეს, რომ ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის რეგულაციების დახვეწა და მათი პრაქტიკაში უფრო ეფექტიანად აღსრულება. საუბარი შეეხო უცხოელი მოქალაქეების დასაქმების ახალ პროცედურებს, მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირებას, ასევე იმ კატეგორიებს, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მიღების ვალდებულება აღარ გავრცელდება. მონაწილეებს ასევე გააცნეს კომპანიებისთვის დაწესებული კვოტირების ახალი მექანიზმი, რომელიც იმ დამსაქმებლებზე იმოქმედებს, რომლებიც წლის განმავლობაში ხუთზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას გეგმავენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პროცედურა შრომითი მიგრაციის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება.