ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველს მიმართავს უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესაბამისი განცხადება საია-მ დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს. იმისათვის, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი. საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.