საია-ს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეფასებით, საქმეზე – „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულება არ მიმდინარეობს. აკაკი ოჩიგავას საქმე ეხება მომჩივანის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
უფლებადამცველების განცხადებით, 2023 წლის 2 ნოემბერს საია-მ, როგორც აკაკი ოჩიგავას უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობითაც მიმართა. განცხადებაში აკაკი ოჩიგავა განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მისი წამების არაერთ ეპიზოდში, დღემდე დასაქმებულნი არიან პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, რის გამოც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კვლავაც საფრთხე ემუქრება, რადგან იგი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ უწყებას, დაიწყოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა ჯეროვნად აღსრულება.