საია-ს განცხადება

შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა.

საია-ს შეფასებით, კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 19 მაისს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ნეგატიურ ფაქტზეც. საია-ს დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს; იმავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი.

საია ნეგატიურად აფასებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დაპირისპირების შემთხვევებს პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის და შემაშფოთებელს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, ხელს უწყობდა ვითარების გამწვავებას.

საბოლოო ანგარიშს საია საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგენს.