საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისკენ მოუწოდებენ

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან სისხლის სამართლის ორ საქმეს, რომლებშიც სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.

ორგანიზაციების თქმით, 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და კვლავ ჭიანურდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე ფაქტიდან გამომდინარეობს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის მიერ გიორგი მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამ საქმის გამოძიება დასრულებულია და ამჟამად საქმეს განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პირველ შემთხვევაში, პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხორციელებული ხარვეზიანი მართლმსაჯულება ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.