საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები
წლის ბოლომდე ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება.
კომიტეტების დონეზე უკვე დაწყებულია ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება. კერძოდ, არასწორი მანევრირებისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ავტობუსის ზოლში მოძრაობის, სიჩქარის გადაჭარბებისა და საჭესთან ტელეფონით საუბრისთვის, ურჩ მძღოლს გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევს და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების გაზრდილი რაოდენობა დააკლდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკას უკავშირებს, თუმცა დაანონსებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, სპეციალისტებს კი პრობლემის მოგვარების განსხვავებული ხედვა აქვთ.