საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები ორმაგდება. მიზანი საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების შემცირებაა. გაზრდილი სანქციები ეხება როგორც სიჩქარის გადაჭარბებას, ასევე მობილურის გამოყენებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის, ასევე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის კი სანქცია 50 ლარით განისაზღვრება. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება ასევე ბას-ლაინზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის.