დღეიდან მძღოლებისთვის გამკაცრებული რეგულაციები მოქმედებს.
საგზაო მოძრაობის წესები და მათი დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მკაცრდება. მთავარი სიახლეა ის, რომ ჯარიმების ზრდის გარდა ცალკეული დარღვევებისთვის მოქალაქეებს ქულათა სისტემიდან ქულების რაოდენობაც დააკლდებათ. მკაცრდება სიჩქარის გადაჭარბების, მანევრირების დარღვევის და მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის დაწესებული სანქციები. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ეს დარღვევები ჭარბობს ავარიების მიზეზებს შორის. რეგულაციების გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევების მატებას და გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება. ბოლო 10 წელში ავარიებს 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იზრდება სამართალდარღვევების ჩამონათვალიც – დარღვევად ჩაითვლება და ჯარიმები დაწესდება ტროტუარზე და ქვეითთა გადასასვლელზე დგომაზეც.