საგარეო უწყების საპროტესტო ნოტა ეუთო-ს სამდივნოს
საჯარიმო ქვითარი და საპროტესტო ნოტა – ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტის რეზონანსული გაგრძელება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპის ცხრა ქვეყნის პირველი დიპლომატები მხარდაჭერას უცხადებენ.
რუსთაველის გამზირზე ელინა ვალტონენის მისვლა და აქციის მონაწილეებთან გასაუბრება მხოლოდ მძიმე შეფასებებით და განცხადებებით არ შემფარგლულა. ეუთო-ს თავმჯდომარე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაც ცხადდება. 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოწერილია. ვენაში კი თბილისიდან საპროტესტო ნოტა იგზავნება. მაღალი რანგის დიპლომატი პრემიერ კობახიძისთვის დაწერილ წერილში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მთავრობის მეთაურთან დაგეგმილი შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება, რომლისთვისაც ანტისამთავრობო აქციაზე ვალტონენის მისვლა და იქიდან გავრცელებული მიმართვის შინაარსი წითელი ხაზი აღმოჩნდა. სწორედ ამ ფაქტორით ახსნა მთავრობის ხელმძღვანელმა სტუმართან გუშინ დაგეგმილი აუდიენციის გაუქმება. ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის შემდეგ ვალტონენი მეოთხე საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მივიდა და იქ მყოფებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე კი იყო მძიმე გზავნილები და მოწოდებები მმართველი გუნდის მისამართით.