ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მე-13 გადაწყვეტილება მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა, საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად მიიღება 2014 წლიდან. “, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.