საგარეო უწყება ეუთო-ს სამდივნოს საპროტესტო ნოტით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოსა და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს. საგარეო უწყება ეუთო-ს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.