საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. თავდაპირველად ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მალევე საპასუხო განცხადება გაკეთდა ქვეყნის საგარეო უწყებაში, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით კი 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან პოლიტიკოსები.