საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – გამოხმაურება

18:24, 16.11.2026

ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, აქედან გამომდინარე  შეხვედრაში არ მონაწილეობს. განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული რჩება და მიწვევის შემთხვევაში, დისკუსიებშიც ჩაერთვება. ეს პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ბრიუსელში რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, უკვე ორჯერ თუ სამჯერ, დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენელი მიწვეული იყო, თუმცა არც ერთხელ არ მიუღიათ მონაწილეობა. შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობის და უსაფრთხოების მინისტერიალი იწყება. ფორუმს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მასპინძლობენ. ღონისძიებას სახელწოდებაა „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“ და მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.  მონაწილეობას მიიღებს  ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა.

მსგავსი