საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

15:11, 24.07.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანას ეხმაურება და აცხადებს, რომ სანქციების ჩამონათვალში ქარხნის შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. აღნიშნულის დასადასტურებლად ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია.

შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას. განცხადებაში ასევე წერია, რომ ქვეყანა ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლაში.

ევროკავშირთან ამ  მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.

მსგავსი