საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო უწყება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის შემოჭრას 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა. „ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში.

საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად, ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან,“ – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც სამართლებრივად დაადასტურა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მადლიერია საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს და წვლილი შეაქვს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ.