საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. მაკა ბოჭორიშვილი დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. „ბუდაპეშტის გლობალური დიალოგი 2026“ – ასე ჰქვია ფორმატს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოდან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები გამოწვევებზე იმსჯელებენ. მთავარი აქცენტი უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე გაკეთდება, მხარეები განიხილავენ ახალ ინიციატივებს. უკვე ცნობილია, რომ მაკა ბოჭორიშვილი ისაუბრებს მშვიდობის მნიშვნელობაზე. ღონისძიება ბუდაპეშტში უკვე ზედიზედ მესამე წელია იმართება.
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. ლასლო კოვერთან შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს, მათ შორის მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევასა და საერთო ღირებულებების დაცვას. საუბრისას მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. ასევე, აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტების მიმართ. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობასაც.