საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს დღეს ბაქოში.

საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული. განხილვის თემებია უსაფრთხოების გარემო, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. გამოსვლების დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენის მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის. დაისვა კითხვები იმ მძიმე საერთაშორისო გზავნილებსა და გამოხმაურებაზე, რომელიც მაისში პროტესტის ფონზე მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს მოჰყვა. ნეგატიურ შეფასებებს და კრიტიკას აზერბაიჯანის პირველი დიპლომატი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს და ამ კონტექსტში განიხილავს იმ აქტივობებს, რომლებიც გასულ წელს აზერბაიჯანის მიერ მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მასპინძლობას უძღოდა წინ. მეზობლებს შორის ურთიერთობა ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს – ასეთია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი. საქართველოს და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე საუბარი ხვალაც გაგრძელდება. ბაქოში საქართველოს პრემიერი ჩადის. დაგეგმილია ორ ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიების საიუბილეო შეხვედრა.