საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გაერთიანების წევრობა სურთ. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათ წელთან დაკავშირებულ მინისტერიალზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრება. დავით ზალკალიანმა პარტნიორობის ფორმატში, საქართველოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია აუცილებელია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, სამმხრივი შეხვედრაც გაიმართა. საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის სამიტისთვის ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით, აქტიური კონსულტაციები გაგრძელდება.