საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება - რა საკითხებს განიხილავენ ვიზიტისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერთან გამართა.  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სერბეთის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,  კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა გამოცდილების გაზიარების, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების სფეროში.

შეხვედრაზე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების მზარდ შესაძლებლობებზე, აღინიშნა, რომ ამ მიზნით, საქართველოს მიმდინარე წელს სერბეთის ბიზნესდელეგაცია ეწვევა და თბილისი უმასპინძლებს საქართველო-სერბეთის პირველ ბიზნესფორუმს.

საქართველო ასევე გამართავს პირველ მასშტაბურ ღონისძიებას სერბეთში, სადაც საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერბეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია.