საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში

ქვეყნის პირველი დიპლომატის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში.

ილია დარჩიაშვილს ოპონენტების მხრიდან დღეს მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა. მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში მისულ მინისტრთან მთავარი შეკითხვები დეკემბრის ბოლოს მისაღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. რა სამუშაოებს ატარებს თბილისი ევროპის ქვეყნებთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – საგარეო საქმეთა მინისტრი შემოდგომაზე ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება, ბოლო თვეებში პრემიერის მიერ ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე არსებული განწყობების გათვალისწინებით, პროგნოზი ოპტიმისტურია ევროპული საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების მიმართაც. ოპონენტების მხრიდან ქვეყნის საგარეო პოზიციონირების მწვავე კრიტიკის ფონზე ტრიბუნიდან გაისმა კონტრბრალდებებიც – კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებად მინისტრი ოპოზიციის განცხადებებს და ქცევებს მიიჩნევს. დარჩიაშვილის პასუხები ოპოზიციის ნაწილს აღარ მოუსმენია.