საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა. დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს გერმანელ კოლეგასთან და ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ვოლფგანგ შოიბლესთან და ბუნდესტაგის სხვა წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს საგარეო პოლიტიკის ფორუმში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საპანელო დისკუსიაზე საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.