საგარეო კომიტეტის სხდომა ევროპარლამენტში - გამოხმაურება

საქართველოში მდგომარეობა კვლავ უარესდება და 2025 წლის მოხსენება კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე მომზადებულ ყველაზე ცუდ დოკუმენტად არის დახასიათებული, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების შესაბამისად, მოხსენება ნათლად ადასტურებს, რომ საქართველო ახლა  კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელითაა.

იუკნევიჩიენეს შემდეგ საქართველოს შესახებ განცხადებები სხვა ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს. მაგალითად, ნაჩო სანჩესმა ქართულ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უნდა სცადოს პოლიტიკური არჩევანის შეთავაზება. ტობიას კრამერის თქმით კი კომისიის მოხსენება საქართველოსთან მიმართებაში სრულიად მართებულია. განსხვავებული იყო პოლონელი დამოუკიდებელი ევროპარლამენტარის, გჟეგოჟ ბრაუნის გამოსვლა. მან კოლეგები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის, რასაც ევროპარლამენტარები დემოკრატიის უკუსვლას უწოდებენ, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა.