საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება

პარლამენტში საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება.

დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას უყრიან კენჭს, თუმცა მანამდე ეს საკითხი პრეზიდენტის და პემიერ-მინისტრის ხელმოწერით უნდა დადასტურდეს. გადაწყვეტილება ძალაში მაშინვე შევა, ძალადაკარგულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ საკანონმდებლო ორგანო განხილვის შემდეგ სიითი უმრავლესობით მას მხარს არ დაუჭერს და საკითხი ჩავარდება. მანამდე საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ავტომატურად გახანგრძლივდება. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. იქნება თუ არა რამე ცვლილება იმ საგანგებო ნორმებში, რომელიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, აღნიშნულს მხარს არ უჭერს „ევროპული საქართველო“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ    ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაუშვებელია.