„სომხეთის ელექტროქსელების“ მთავარ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ და ჩხრეკას ატარებენ. როგორც სომხური მედია წერს, ადგილზე დილიდან იმყოფებიან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომლები. მედიის ცნობით, ისინი „სომხეთის ელექტროქსელის“ ოფისში არავის უშვებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები ასევე შევიდნენ „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სახლში, სადაც ასევე მიმდინარეობს ჩხრეკა. ნარეკ კარაპეტიანი არის სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის და ფილანტროპის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი. სამართალდამცველებმა ის წაიყვანეს, თუმცა ჯერ უცნობია, დაკავებულია თუ – არა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ჩხრეკა ქვეყნის მასშტაბით 51 მისამართზე ტარდება და გამოძიება თაღლითობის და მიტაცების საქმეზე მიმდინარეობს. ცნობისთვის, რუსი სომეხი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი ივნისში დააკავეს. მას ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთება ედება ბრალად. თავად კარაპეტიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლება მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით ახორციელებს დევნას. ამასთან, გასულ კვირაში სომხეთის საკანონმდებლო ორგანომ, ეროვნულმა კრებამ მხარი დაუჭირა „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციას.