საგამოძიებო მოქმედებები ქსელურ მარკეტებში 

ქსელურ მარკეტებში და მსხვილ კომპანიებში გამომძიებლები შევიდნენ.

მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების ამოღება. რა ფაქტორები იწვევს სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს – მიზეზების დასადგენად სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის პარალელურად სუს-ი მოკვლევას აწარმოებს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაგეგმილია სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს, როგორ ხდება სურსათზე ფასების ფორმირება და ხომ არ ხდება ფასების ხელოვნურად აწევა, რისი ეჭვებიც მთავრობის მეთაურმა რამდენიმე კვირის წინ უკვე გამოთქვა და სავარაუდო კარტელურ გარიგებებზეც მიუთითა. გამოძიებასთან თანამშრომლობს კერძო სექტორი, რომლის წარმომადგენლები გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ და სპეციალური კომისიისთვის ფასწარმოქმნის პროცესზე დეტალური მონაცემების მიწოდების მზაობა დაადასტურეს. რატომ აჭარბებს ცალკეულ პროდუქტებზე ფასები ევროპულს რამდენჯერმე და რა მექანიზმების გამოყენებით ესახება ხელისუფლებას სურსათზე ფასების დარეგულირება – უკვე ცნობილია, რომ სუს-ის მიერ გამოთხოვილ მასალებს შორისაა საბუღალტრო დოკუმენტები, ხელშეკრულებები და ინვოისებიც.