სამართალდამცველები აკონტროლებენ ამ დრომდე პერიმეტრს გორის ახალ ბაღში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიცია, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას, გავრცელებული ცნობით, იაგო ნებიერიძემ მიაწოდა, რომელიც ამ დროისთვის რვა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობისთვის არის დაკავებული. ამ წუთისათვის ძიების პროცესი შეჩერებულია, თუმცა ტერიტორია ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ასევე სამფეროვანი დროშებით არის მონიშნული ადგილი, სადაც, შესაძლოა, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იყოს დამარხული.
ადგილზე იმყოფებოდნენ დღეს როგორც 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ასევე მოკლული ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებიც. რაც შეეხება იაგო ნებიერიძის პოზიციას, მისი ადვოკატის განმარტებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო.
თემაზე ნინო ფისაძე მუშაობს. ის დილიდან გორის პარკში იმყოფება.