იყო თუ არა 20 ივნისის მოვლენების დროს სამართალდამცავების მხრიდან პროპორციული ძალა გამოყენებული და რამდენად სწორად დაიგეგმა აქციის დაშლის ოპერაცია – პარლამენტის წინ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან ის ადამიანები მივიდნენ, რომლებმაც ექვსი წლის წინ უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. საუბარია მაკო გომურზე და გიორგი ჭუმბურიძეზე. რამდენიმე დღის წინ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების მიზეზად ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან ერთი წლის წინ მიღებულ რეკომენდაციებს ასახელებს. ევროპული კონვენციის მესამე მუხლის ნაწილის დარღვევასთან ერთად სასამართლოს კითხვები აქვს გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე და აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ზიანის მინიმიზაცია. თუმცა ექვსი წლის თავზე განახლებული ძიების მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები, პირველ რიგში კი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ორი წლის შემდეგ ოპოზიციაში წასული გიორგი გახარიას გუნდის წევრები.