2011 წლის 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევა – პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 14 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მძიმე მოვლენები განიხილეს.
კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანებმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას აქტიურად აპროტესტებდნენ და დარბევა საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ შორის იყვნენ ნონა გაფრინდაშვილი და მისი შვილი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. დემონსტრანტების უმოწყალო ცემა, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხალხისთვის ჩაკეტილი გასასვლელი – მსოფლიო ჭადრაკის ქართველმა ლეგენდამ, 26 მაისის მოვლენებს, სისხლიანი სპეცოპერაცია უწოდა. არანაკლებ მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა, გია ბურჯანაძისა და დავით ლორთქიფანიძის გამოკითხვა. ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ კი, მის მიმართ განხორციელებულ, მიზანიმიმართულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. დღეს გამოკითხულები ერთხმად ამბობდნენ, რომ ყოფილი ხელისუფლების მიზანი შიშის დათესვა და პროტესტის მონაწილეების სამაგალითო დასჯა იყო.