2005 წელს მომხდარი თავდასხმა, ძალადობა ციხის საკანში და პოლიციის შენობაში – პარლამენტმა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულთა კიდევ ოთხი მძიმე ისტორია მოისმინა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩვენება მისცა ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა, რომლის საქმეზე ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენებია გამოტანილი. კერძო საკუთრების გამო დაწყებული დაპირისპირება, რასაც მუქარა, იარაღით ცემა და მძიმე დაზიანებებით და ფუძის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოში მოხვედრა მოჰყვა – გელაშვილი დანაშაულის დამკვეთად მიხეილ სააკაშვილს, ორგანიზატორად კი ვანო მერაბიშვილს აცხადებს. საპროტესტო აქციების დარბევის დროს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და პატიმრობის პერიოდი გაიხსენეს ე.წ. ზილების საქმის ფიგურანტმა და 7 ნოემბრის და 6 მაისის მოვლენების მონაწილემ. მათი მონაყოლის მიხედვით, ორივე მათგანი აქციების დაშლის დროს თუ ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. საკმაოდ მძიმედ მოსასმენი აღმოჩნდა 2011 წელს დაკავებული და პოლიციის შენობაში ნაწამები ლაშა არქანიას ისტორია – საუბარია ადამიანზე, რომლის მიმართ 5 წლის წინ არასათანადო მოპყრობა სატრაბურგის სასამართლომაც დაადგინა.