ფოტოგრაფების გახმაურებული საქმის დღემდე უცნობი დეტალები – ირაკლი და ნათია გედენიძეები და გიორგი აბდალაძე 14 წლის წინანდელ მძიმე დღეებს იხსენებენ.
2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე ამჯერად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოკვლევის თემა ხდება. მუქარა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა და შანტაჟის გზით მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები – მძიმე ბრალდებით გასამართლებულმა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებული გამოძიების შედეგად სრულად გამართლებულმა ფოტოგრაფებმა კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება, რა მეთოდების გამოყენებით აიძულებდნენ ჯაშუშობის აღიარებას და რა ხდებოდა ციხის საკნებში. დღეს ბევრი ისაუბრეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებულ და საერთაშორისო მედიის ფურცლებზე მოხვედრილ ფოტოებზე, რასაც ოთხი, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის დაკავება მოჰყვა – ხელახლა ჩატარებული ძიების შემდეგ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაშია მიცემული.