საგამოძიებო კომისიის სხდომა
ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული არჩევნები და არჩევიდან ერთ საათში გადამდგარი პრეზიდენტი – 2007 წელს განვითარებულ მოვლენებზე ფეხბურთელი და ყოფილი დეპუტატი პირველად საუბრობს.
გიორგი ნემსაძეს დღეს პარლამენტში მოუსმინეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნემსაძემ 18 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების განეიტრალების არგუმენტით ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მოსთხოვა. მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში პოლიტიკური ჩარევა და ზეწოლა დაადასტურა ჟურნალისტმა მამუკა კვარცხელიამაც, რომელიც 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თავადაც იყრიდა კენჭს. კომისიას წინა ხელისუფლების მამხილებელი ჩვენება მისცა ელექტროჰესის ყოფილმა მფლობელმაც. თეიმურაზ ჭიჭინაძემ გაიხსენა, როგორ აიძულებდნენ „ჟინერის“ წილების დათმობას, როგორ დააკავეს და როგორ გამოატანინეს ჰესის დირექტორს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი. კომისიამ მოუსმინა საკრებულოს მოქმედ დეპუტატსაც. შალვა ოგბაიძემ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო, აქციის დარბევის გარდა ,,ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნებთან კომუნიკაციის დეტალებზეც ისაუბრა.