საგამოძიებო კომისიის სხდომა

ყოფილ ხელისუფლებთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევა დაადგინა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები განიხილეს. შვილის უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის, წამებისა და ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის საქმე გარდაცვლილის მამამ გაიხსენა. როგორც თამაზ მოლაშვილი ყვება, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის მხილება გაბედა და საკრებულოს თავმჯდომარეობისა და იუსტიციის მინისტრობის პერიოდში მას დარღვევები აღმოუჩინა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მიხეილ სააკაშვილის შურისძიება, რაც უკანონო დაკავებაში, ციხეში გაუსაძლის პირობებში პატიმრობასა და წამებაში გამოიხატა. თამაზ მოლაშვილმა სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანის მოთხოვნაზე უარის გამო, მისი მეორე შვილის დაკავებისა და ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლის ეპიზოდზეც ისაუბრა. სხვა გამოკითხულების მსგავსად, მთავარ დამნაშავედ თამაზ მოლაშვილიც, მიხეილ სააკაშვილს აცხადებს და ექსპრეზიდენტის პალატიდან საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს.