საგამოძიებო კომისიის სხდომა
2008 წელს ქობულეთის გზაზე ჩაცხრილული სერჟანტის ოჯახი დანაშაულის დამკვეთების დასჯას ითხოვს.
პარლამენტში დღეს როინ შავაძის მეუღლეს მოუსმინეს. ციცინო შავაძის მონაყოლის მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახზე ზეწოლა და შევიწროება ახლაც გრძელდება. დროებითი საგამოძიებო კომისიის ინტერესის სფეროშია გახმაურებული საქმე, რომელზეც თავის დროზე ადამიანის უფლებათა სასამართლომ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა და ხელახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. თავდაცის სამინისტროს მოკლული სერჟანტის მეუღლემ დღეს ვრცლად ისაუბრა მუქარასა და იმ მძიმე პროცესებზე, რომლებიც შავაძის ცხედრის სახლში მისვენების შემდეგ ოჯახის გარშემო განვითარდა. ხელახალმა ძიებამ დაადგინა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით როინ შავაძე დააკავეს და მოგვიანებით 20-მდე ტყვიით მოკლეს. პასუხისგებაში არიან მიცემული კუდ-ის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და სპეცრაზმელები. კიდევ ერთი საქმე, რომელსაც კომისია იკვლევს, ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებას ეხება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმაღლესი სასწავლებლის ქონების მითვისების დეტალები გაიხსენა. ბრალდებების მთავარი ადრესატები ყოფილი პრეზიდენტი და მისი დედა, საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი გიული ალასანია იყვნენ.
ორი გახმაურებული საქმე თამუნა წიკლაურის რეპორტაჟში.