საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩაზე ჩატარებული გამოძიების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მწვავე კრიტიკის სამიზნეები გახდნენ.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს საქმის უშუალო გამომძიებელი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი პასუხობდნენ. კომისიის ოპოზიციონერი წევრები დაინტერესდნენ, რატომ არ ამოიღეს საქმის უშუალო ფიგურანტებს შორის მკვლელობის დღეს განხორციელებული სატელეფონო მიმოწერა, რატომ გაქრა საქმიდან მ.კ.-ს ტანსაცმელი და რატომ არ დაიკითხა პირველივე დღეს თვითმხილველების ნაწილი. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოწმე – მოკლული დავით სარალიძის მეგობარი დ.ღ, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, სკოლის საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტის და მოგვიანებით უკვე ფარდულში გაგრძელებული სისხლიანი გარჩევის თვითმხილველია.

კომისიაში მყოფი ოპოზიცია პასუხებით უკმაყოფილოა. დღეს დასმული კითხვებით უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ დეპუტაციაც, რის გამოც სხდომა ძირითადად კამათის ფონზე მიმდინარეობდა.