წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულთა მძიმე ისტორიები და ემოციური გამოსვლები – პარლამენტში ამჯერად გორის ბაზრობის ყოფილი დირექტორი და ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მივიდნენ, რომელიც 2006 წელს მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის და ხულიგნობის ბრალდებით 14 წლის ასაკში ციხეში აღმოჩნდა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზერეკიძემ პატიმრობის მძიმე წლები გაიხსენა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. გამოსვლა შეეხო გიორგის ტრაგიკული ისტორიის კიდევ უფრო მძიმე ნაწილს – მამის საქმეს. გიორგი ზერეკიძის მამა შვილის დაპატიმრებიდან მალევე თავადაც დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2011 წელს კი ის ციხის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურ მიზეზად დენის დარტყმა დასახელდა, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ იზიარებს. საკუთარ თავს წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად მიიჩნევს გორის ბაზრობის ყოფილი ხელმძღვანელიც. ჯემალ წიკლაური ამბობს, რომ 2004 წელს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა ბაზრობა იძულებით დაათმობინეს.