საგამოძიებო კომისიის სხდომა

აქციების მხარდაჭერის გამო წართმეული ბიზნესი – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ  მეწარმეს მოუსმინეს.

სუპერმარკეტების ქსელ „იბისის“ თანადამფუძნებლის ისტორია რთული მოსასმენი აღმოჩნდა. მაღაზიების ქსელში ფინანსური პოლიციის შესვლა, სოლიდური ჯარიმების დაკისრება, ქსელის მფლობელების დაკავება, ქონების აუქციონზე გაყიდვა და გაკოტრება – თუ მარიამ რატიანის მონაყოლს დავეყრდნობით, მისი ოჯახი დევნის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანა. წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია აგვისტოს ომის მოვლენების შესწავლასაც განაგრძობს. ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და ექს-სამხედრო მაღალჩინოსნების შემდეგ ამჯერად პარლამენტში კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული მივიდა. ემზარ კვიციანი მაშინდელ პრეზიდენტს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გეგმით კოდორის ხეობის რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.