საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ადანაშაულებს.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინა. მინისტრი, რომელიც მთავრობაში გადანაცვლებამდე წლების განმავლობაში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, კონკრეტულ შეხვედრებსა და დიალოგებს იხსენებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორ საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიცია მხოლოდ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო ქმედებებით და აქტივობებით იყო დაკავებული. მინისტრის პოზიციაა, რომ 2022 წელს წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ევროინტეგრაციის შემდგომი პროცესი ხელისუფლების შეცვლის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული, არგუმენტად კონკრეტული განცხადებები და პირადი კომუნიკაციისას ნათქვამი ფრაზები დასახელდა. ანალოგიური შინაარსის იყო ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენლის გამოსვლაც. დეპუტატმა გივი მიქანაძემ გაიხსენა, რა ხდებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე – მიქანაძემ თქვა, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დღის წესრიგში ქართული ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განსაკუთრებული მობილიზების და აქტიურობის შედეგად დადგა.