საგამოძიებო კომისიის სხდომა
ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, საგამოძიებო კომისიის სხდომა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის განხილვას დაეთმო.
კომისიის წევრებმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრებს მოუსმინეს. ცრუ ბრალდებები, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ფიზიკური შეურაცხყოფა, მკვლელობა და გვამის ზღვაში ჩაძირვა. ქარდავას მეუღლემ და შვილმა დეტალურად გაიხსენეს რეზონანსული საქმის ყველა ეპიზოდი. დასახელდნენ მთავარი ფიგურანტები, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორი და საკონტროლო გასროლის ავტორი რომან შამათავა, რომელიც 2008 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. დროებითი საგამოძიებო კომისია ბიზნესზე განხორციელებული ზეწოლის რამდენიმე ეპიზოდით დაინტერესდა. გამოჰკითხეს ბიზნესმენები, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლების დროს უძრავი ქონება და ბიზნეს წილები მუქარითა და იძულებით დაათმობინეს.