პოლიციის სამმართველოსთან 16 წლის განვითარებული მძიმე მოვლენები – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამჯერად 2009 წლის 15 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის დარბევის საქმით ინტერესდება.
პარლამენტში დღეს ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც მაშინ სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის და სისასტიკის მსხვერპლი გახდნენ. მაშინდელი აქციის მონაწილეებმა გაიხსენეს, რა მეთოდებით გაუსწორდნენ პოლიციის თანამშრომლები შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ დემონსტრანტებს შენობის გარეთ და დაკავების შემდეგ. ისტორიები მძიმედ მოსასმენი აღმოჩნდა. აქციის მონაწილეებმა 16 წლის წინ საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღეს. მათ შორისაა საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზურა აბაშიძე, რომელიც მაშინ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2009 წელს პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა, რომელმაც ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა.