ქონებრივი უფლებების დარღვევა და ბიზნესზე ზეწოლა – პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს კიდევ ერთი ბიზნესმენის ისტორია მოისმინა.
ვალერი შოშიაშვილი, რომელიც საკონტეინერო გადაზიდვების ბიზნესს ფლობდა, წინა ხელისუფლების მოქმედებების გამო თავს დაზარალებულად მიიჩნევს. მუქარა პოლიციის მაღალჩინოსნისგან, ფინანსურ პოლიციაში დაბარებები, პარტიისთვის შემოწირულობის ჩარიცხვის იძულება – ბიზნესმენის მონაყოლის მიხედვით, ყოველთვიურად ბიზნეს-საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის შინაგან საქმეთა მინისტრთან გაგზავნას აიძულებდნენ, 2010 წელს კი ქონების გადაფორმება მოსთხოვეს. მოწმემ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებიც დაასახელა. დღესვე კომისიამ კიდევ ერთი მძიმე ისტორია მოისმინა. საუბარია გიორგი ავალიშვილზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციიდან მალევე დააკავეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. კომისიამ გიული ავალიშვილს მოუსმინა, რომელიც ძმას წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აცხადებს.