საგამოძიებო კომისიის სხდომა
უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, მძიმე რეფორმები საპროტესტო აქციების ფონზე, სამსახურიდან მასობრივად გათავისუფლებული პროფესორები: პარლამენტში დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ისტორიის ინსტიტუტის პროფესორებსა და აკადემიკოსებს მოუსმინეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა შეკითხვებს თსუ-ს ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგმა გიორგი გოგოლაშვილმა, ენათმეცნიერმა ავთანდილ არაბულმა და აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა უპასუხეს. მათი მონაყოლის მიხედვით, ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების წინააღმდეგ სამეცნიერო და აკადემიური სფეროების განადგურება და აკადემიური პერსონალის მიზანმიმართული დისკრედიტაცია-შევიწროება დაიწყო. ქართული ენის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, უმაღლესი განათლების კანონის დაწუნების შემდეგ დარტყმები უნივერსიტეტზე, ბრალდებები კორუფციის შესახებ, პროფესორ-მასწავლებლების უფლებების დარღვევა, პერსონალური თავდასხმები და საკადრო წმენდა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ტრაგედიებით დასრულდა – ისტორიები მძიმედ მოსასმენი აღმოჩნდა.