საგამოძიებო კომისიის სხდომა

რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომის დაწყებამდე – პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია ამჯერად დიმიტრი სანაკოევმა მიაწოდა, რომელიც 2006 წლიდან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

სანაკოევმა ისაუბრა, თუ რა მიზნით შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია, როგორ იმართებოდა ის, რა ინფორმაციას იღებდა დე ფაქტო რეჟიმისგან ომამდე და როგორ დაიძაბა 2008 წლის ივლისიდან რეგიონში სიტუაცია. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, სეპარატისტების მხრიდან სროლებსა და აგრესიაზე იყო საპასუხო სროლები, რაც სამშვიდობო პოლიტიკაზე ნეგატიურად აისახებოდა. მოწმემ ის დიალოგიც გაიხსენა, რომელიც 7 აგვისტოს მასა და მაშინდელ პრეზიდენტს შორის შედგა. სანაკოევის მონაყოლის მიხედვით, მან ომის დაწყების შესახებ მედიიდან გაიგო. კომისიის წინაშე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საომარი მოქმედებების დღეებში მაშინდელი მაღალჩინოსნების მოქმედებებიც გაიხსენა.