7 ნოემბრის აქციის დარბევა, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მცდელობები, ოპოზიციონერი ლიდერების დევნა – 2007 წლის შემოდგომიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მაშინდელი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იხსენებს.
ყოფილი დეპუტატი დღეს პარლამენტში მივიდა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხა. 18 წლის წინ შექმნილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ვრცლად ისაუბრა, რატომ დაუპირისპირდა წინა ხელისუფლებას, როგორ ებრძოდნენ მაშინდელი მაღალჩინოსნები, როგორ ჩატარდა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და რა შინაარსის გზავნილებს იღებდა საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო პარტნიორებისგან. გაჩეჩილაძემ ისაუბრა 2009 წლის საკნების აქციებზე და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე, რა დროსაც ოჯახის წევრებთან ერთად დაზარალდა. 14 წლის წინანდელი მოვლენები, ისევე როგორც 2007 წელს „იმედში“ შეჭრის ეპიზოდები დეტალურად გაიხსენა „ხალხის ძალის“ წევრმა და მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც. რატომ გახდა ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის მაშინდელი ხელისუფლების შეტევის და ზეწოლის სამიზნე და რა ხდებოდა 7 ნოემბერს ტელეკომპანიის შენობაში – კომისიის წინაშე დღეს ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილიც წარდგა.