18 წლის წინ, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობა, რომელზეც ხელახალი გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს – საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გურამ შარაძის საზარელი მკვლელობის საქმე განიხილეს.
ვინ დაგეგმა და განახორციელა 66 წლის აკადემიკოსის მკვლელობა. კომისიის წევრების კითხვებს გურამ შარაძის შვილმა უპასუხა. რუსუდან შარაძე მამის ლიკვიდაციას წინასწარი დადგმული სცენარით განხორციელებული, საქმეს კი გაყალბებული უწოდა. გახმაურებული დანაშაულის დამკვეთებად კი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაასახელა. რაც შეეხება მოტივს, რუსუდან შარაძემ მამის მკვლელობა მის ეროვნულ მოღვაწეობას და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას დაუკავშირა. აკადემიკოსის შვილი დარწმუნებულია, რომ საქმის მთავარი ორგანიზატორი მეგის ქარდავა იყო. გურამ შარაძის მკვლელობის გარდა, კომისიის სხდომაზე წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენის, ალექსანდრე მეგუთნიშვილის საქმეებიც განიხილეს.