საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა

სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებაზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში რჩება. უცვლელია საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური პოზიცია. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია ამ თემით მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს, თავად პროცესი კი სახელისუფლებო შტოების დაყოფის პრინციპის გათვალისწინებით დამაზარალებელი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურას ისე წარმართავს, რომ კვორუმის ხელოვნური არ შეკრებით საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრამდე უკვე ორჯერ არ მივიდა. საპარლამენტო ოპოზიციაში, რომელსაც კომისიის დამტკიცებისთვის აუცილებელი 50 ხმა მობილიზებული აქვთ, აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება საკითხი კენჭისყრაზე მაშინ გაიტანოს, როდესაც ხმების საკმარისი რაოდენობა ოპოზიციას აღარ ექნება, თუმცა ამ პროცესმაც მათი შეფასებით გამოააშკარავა „ქართული ოცნებისა“ და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული კლანის ურთიერთობა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საბოტაჟში ადანაშაულებს.