საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება

მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულებას იწყებს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება არჩევნებამდე დაანონსებული იმ გეგმის სისრულეში მოსაყვანად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და აკრძალვას გულისხმობს. კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჩადენილი იმ ქმედებების გამოძიება იქნება, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სისტემურ დანაშაულებად მიიჩნევს. კომისია ექვსთვიანი ვადით შეიქმნება, დაგეგმილია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გამოკითხვა და ექვსი თვის თავზე პროკურატურისთვის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გაგზავნა. მმართველი პარტია გადაწყვეტილებას პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების და ყოფილი მმართველი პარტიისგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის არგუმენტებით ასაბუთებს. გეგმას არასერიოზულად აფასებს ოპოზიცია, მათ შორის კომისიის მთავარი სამიზნე პარტია. ოპონენტებს შორის გაჩნდა კითხვაც, რატომ დადგა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების საპარლამენტო დონეზე გამოძიების საკითხი დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს და რატომ არ დაიწყო გამოძიება მანამდე. პასუხად მმართველი გუნდი კოაბიტაციაზე მიუთითებს.