საგამოძიებო კომისიის დასკვნა – პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორები
რა პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ექვსთვიან მუშაობას და ათეულობით მოწმის მძიმე ისტორიის მოსმენას: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული 460-გვერდიანი დასკვნა დადგენილების სახით უკვე მიღებულია. გეგმის მიხედვით, შემდგომი პროცედურა დასკვნის საფუძველზე სარჩელის მომზადება და „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნაა. დიდი ალბათობით, მმართველი გუნდი სასამართლოს სარჩელით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავს, რის შესახებაც განცხადება ჯერ კიდევ თვეების წინ გაკეთდა. მაღალჩინოსნების მონაწილეობით მძიმე დანაშაულების ჩადენა, მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევა, ციხეში პატიმრების სისტემური წამება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის სისტემური ხასიათი, ბიზნესის რეკეტი: საკმაოდ მძიმე ფორმულირებები და შეფასებებია მოცულობით დასკვნაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებს ეხება. კომისიას, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან 13 წლის შემდეგ შეიქმნა, ყოფილი მმართველი პარტიის გარდა, დანარჩენი ოპოზიციაც უნდობლობას უცხადებს.