ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ 460-გვერდიანი დასკვნა მზად არის. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული მოცულობითი დოკუმენტი მძიმე შინაარსისაა. ათეულობით მოწმის დაკითხვის და არაერთი რეზონანსული საქმის შესწავლის შემდეგ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი კომისიის შეფასებები საკმაოდ მწვავეა. კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებს და 2012 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სწავლობდა. პატიმრების წამების სისტემური ხასიათი, კონკრეტული გვარ-სახელები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ფარული მიყურადება, დანაშაულებრივ ქმედებებში პროკურატურის და სხვა უწყებების მონაწილეობა, მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ყოველდღიური დარღვევა-დადგენილების პროექტში, რომელსაც ახლა პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, ჩაიწერა, რომ 2004-12 წლებში ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა ძალადობრივი რეჟიმი იყო, რომელიც მაღალჩინოსნების მონაწილეობით კარგად ორგანიზებულ დანაშაულებს ჩადიოდა. დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა 2008 წლის აგვისტოს ომს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს იყო პოლიტიკოსების მიერ მართული ომი, სადაც პროფესიონალი სამხედროების აზრი იგნორირებული იყო.