საგამოძიებო კომისიაზე დღეს „მაგნატის“ მესაკუთრეს მოუსმინეს

15:11, 25.03.2025

კომისიის წევრებმა დღეს შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძესაც მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ მის ბიზნესზე ზეწოლაში და შემდეგ უკანონო ჩამორთმევაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მონაწილეობდნენ.
ლეონიძის განცხადებით, მის ბიზნესს, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს, პრობლემები 2008 წლის ომამდე იმ დროს დაეწყო, როდესაც საწვავის შემოტანა ბიზნესპარტნიორებთან ერთად, რუმინეთიდან გადაწყვიტა. ამის შემდეგ „ლუკოილის“ იმ დროინდელმა დირექტორმა დაიბარა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დანაბარები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ლეონიძეს მისი ბენზინი უნდა გაეყიდა და რუმინეთიდან საწვავის შემოტანაზე უარი ეთქვა. მესაკუთრის თქმით, ამ შეთავაზებას არ დათანხმდა, რის შემდეგაც მალევე „თიბისი“ ბანკმა საბანკო ვალდებულებების დაფარვა ჯემალ ლეონიძეს დროზე ადრე მოსთხოვა, თანხის გადახდის შემდეგ კი შპს „მაგნატის“ აქციების 25%-ის შეძენის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, მოლაპარაკებებს ძირითადად ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდა, მამუკა ხაზარაძეს კი მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა. ქონებებთან დაკავშირებით, ბოლო დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, ჯემალ ლეონიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი ციხეში ყოფნის დროს კი „თიბისი“ ბანკმა კომპანიის აქციები კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გადაუფორმა. ლეონიძემ ციხე 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

მსგავსი